ბათუმი იდეალური არჩევანია დასვენებისა და განტვირთვისათვის წელიწადის ნებისმიერ დროს. ახლადაყვავებული მაგნოლიების სუნით გაჟღენთილი ფერადი გაზაფხული, ზაფხულში მცხუნვარე მზის ქვეშ მრავალფეროვანი თავგადასავლების ძიება, ოქროსფერი შემოდგომა მათრობელი ელფერით და ზამთრის მყუდრო დღეებში დათოვლილ პლაჟზე სეირნობა - ბათუმი ყოველთვის მზადაა გაგაოცოთ, რადგან ეს ის იშვიათი ადგილია, სადაც ყველაფერი ერთ სივრცეშია თავმოყრილი - ზღვა, მთა, სასიამოვნო კლიმატი, კარგად ნაცნობი და ამავდროულად ცოტათი უცნობი, ძველი და თანამედროვე არქიტექტურა, სტუმართმოყვარე და კეთილგანწყობილი მასპინძლები, აქტიური კულტურული ცხოვრება.
ქალაქში გადაადგილების საუკეთესო საშუალებას ველოსიპედი წარმოადგენს - უკეთ გაეცნობით ქალაქს, რომელიც აზიური და ევროპული, თანამედროვე და ისტორიული არქიტექტურის ჰარმონიულერთობას წარმოადგენს და უფრო სწრაფად მიაღწევთ დანიშნულების ადგილს.ველოსიპედით მარტივად მოინახულებთ ბათუმის ბულვარს, რომელიც ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი ადგილია. აქ შეხვდებით მყუდრო კაფეებსა და რესტორნებს, მოცეკვავე შადრევანს საოცარი ლაზერ შოუთი, „ალი და ნინოს“ მოძრავ სკულპტურას, რომელიც სიყვარულთან ერთად ევროპისა და აზიის კავშირის სიმბოლოა, „ანბანის კოშკს“ და პანორამულ ბორბალს, საიდანაც ბათუმის ულამაზესი ხედი იშლება.ბათუმის საუკეთესო ხედები ზღვის დონიდან 252 მეტრზე გელოდებათ - საბაგირო გზა არგო შესანიშნავი საშუალებაა მთელი ქალაქის დასათვალიერებლად. განსაკუთრებით ლამაზია საღამოს საათებში აფერადებული ქალაქი, ზღვისა და მთების ფონზე.ველოსიპედით არც ბოტანიკურ ბაღამდე მისვლა გაგიჭირდებათ. 111 ჰექტარზე გაშენებული ბაღი მრავალფეროვან ფლორისტულ ლანდშაფტსა და მცენარეთა იშვიათ სახეობებს აერთიანებს, რითაც საუკეთესო გარემოს ქმნის ბუნებაში დასვენებისა და განტვირთვისთვის.ბუნების მოყვარულებს აჭარა მრავალფეროვან არჩევანს სთავაზობს - მტირალას ეროვნული პარკი, მაჭახელას ეროვნული პარკი, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიები. ბიომრავალფეროვნებასთან ერთად აქ გელით ლაშქრობა, საცხენოსნო ტური, კვადროტური, საკარვე და საპიკნიკე ადგილები.აუცილებლად უნდა გაეცნოთ ადგილობრივ სამზარეულოს - ცნობილი აჭარული ხაჭაპური, აჩმა, ბორანო და სხვა ადგილობრივი კერძები, დესერტად კი ბაქლავა და ქვიშაზე მოდუღებული ყავა.ზამთრის აქტიური დასვენებისთვის იდეალურ არჩევანს კურორტი გოდერძი წარმოადგენს. ბათუმიდან რამდენიმეათეულ კილომეტრში, ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარე სამთო-სათხილამურო კურორტი, კარგად აღჭურვილი სათხილამურო ტრასებით, ბუნების საოცარი პეიზაჟები, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებისაგან მომზადებული ტრადიციული კერძები, სუფთა ჰაერი.
მაღალმთიანი აჭარის ხედებზე არანაკლებ შთამბეჭდავია ზამთრის ბათუმი. თქვენს მეხსიერებას დიდი ხნით შემორჩება დათოვლილი პლაჟისა და ზღვის შეერთების კადრები, თოლიების ხმაური და თოვლში ჩაფლული კავკასიის მთები ჰორიზონტზე.ახალი წლის დღეებში აქ ჯადოსნური ატმოსფერო იქმნება. უკვე წლებია, ბათუმი სტუმრებს მრავალფეროვანი საახალწლო პროგრამით ანებივრებს - ბუნებისა და ქალაქის დაუვიწყარ პეიზაჟებთან ერთად აქ გელოდებათ გრანდიოზული საახალწლო- საშობაო კონცერტები ცნობილი სახეების მონაწილეობით, სპეციალური გასართობი- პროგრამები ბავშვებისთვის, საახალწლო ფესტივალი და საუკეთესო გარემო მომავალი წლისთვის დადებითი ემოციებით დამუხტვისათვის.