მათ, ვინც საზაფხულო თავგადასავლების ძიებას აჭარაში გეგმავს, ჩემოდანში საცურაო კოსტიუმი და მზისგან დამცავი საშუალება აუცილებლად აღმოაჩნდებათ. თუმცა, რეგიონის ტურისტული პოტენციალი მხოლოდ პალმებითა და ლაჟვარდოვანი ზღვით არ შემოიფარგლება - დროა, ბარგის ჩალაგება დაიწყოთ და მაღალმთიანი აჭარა აღმოაჩინოთ. ზაფხულობით, მცხუნვარე მზის ქვეშ, ცხოვრების ურბანულ რითმს აყოლილი ბათუმისგან არც ისე შორს, ზღვის დონიდან დაშორებულ მანძილთან ერთად ახალი შთაბეჭდილებებისა და გამოცდილების მიღების შანსიც იზრდება - სუფთა ჰაერი, უნიკალური ფლორა და ფაუნა, ადგილობრივი სამზარეულო და განსაკუთრებული, ავთენტური გარემო, რომლის მთავარი სიამაყეც ფერების, გემოების, ადამიანებისა და ტრადიციების მრავალფეროვნებაა.
მაღალმთიანი აჭარა სამი მუნიციპალიტეტისგან შედგება - ქედა, შუახევი და ხულო. რომელი ნაწილიც არ უნდა აირჩიოთ თქვენი მოგზაურობისთვის, სიმწვანეში ჩაფლულ, ნისლში გახვეული მთების პეიზაჟთან ერთად კულტურული ღირსშესანიშნაობების სიუხვეც გელით. ჩანჩქერებს, ტბებსა და ტყეებს შორის აქ შეხვდებით უძველესი ციხე-კოშკების ნანგრევებს, ტაძრებს, თაღოვან ხიდებს და მუზეუმებს, სადაც რეგიონის მდიდარი ისტორიული წარსულია ასახული. ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ კულტურულ მემკვიდრეობად შეიძლება მაჭახლის ხეობაში არსებული თოფის დამზადების უძველესი ისტორია მივიჩნიოთ - ხელობა დღემდე მემკვიდრეობით გადაეცემა მამიდან შვილს.
უნიკალური ლანდშაფტი აჭარის რეგიონს საუკეთესო ადგილად აქცევს ლაშქრობის მოყვარულთათვის. მრავალფეროვან სალაშქრო მარშრუტებს შორის, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული საკემპინგე ადგილი მწვანე ტბაა (ხულოს მუნიციპალიტეტი) - ზღვის დონიდან 2058 მეტრზე მდებარე გამჭვირვალე ტბის ნაპირებთან გატარებული ღამე, ვარსკვლავებით მოჭედილი ცისა და კოცონის ფონზე ერთ-ერთია იმ დაუვიწყარ მოგონებათაგან, რომელთა შეგროვებაც რეგიონში შეგიძლიათ. თუ კარავში თავს კომფორტულად ვერ გრძნობთ, შეგიძლიათ პიკნიკით შემოიფარგლოთ ბუნების წიაღში, ან ადგილობრივ სოფლებში მდებარე ოჯახურ სასტუმროებში აჭარული სტუმართმოყვარეობით ისარგებლოთ.
მაღალმთიანი აჭარა გულუხვი მასპინძელია - სტუმრისთვის კარი ყოველთვის ღიაა, სუფრა ყოველთვის გაწყობილი, საუკეთესო ღვინო და ჭაჭა კი სათუთად გადანახული სიმღერასთან და ცეკვასთან ერთად, რომელიც აქაური ყოფის განუყოფელი ნაწილია. ამ ერთი შეხედვით ჩვეულებრივი, საუკუნეების მანძილზე თავისი კალაპოტით მიმავალი ყოფის ნაწილი თავადაც შეგიძლიათ გახდეთ - შეგიძლიათ გაეცნოთ ადგილობრივი მებაღეობისა და მებოსტნეობის წესებს, მეფუტკრეობას, ქარგვასა და რეწვას, ან თავად სცადოთ ღვინის დაყენება, ან არყის გამოხდა. მეღვინეობით განსაკუთრებით ქედის მუნიციპალიტეტი გამოირჩევა, სადაც ღვინოს ადგილობრივი ყურძნის ჯიშისგან, ჩხავერისგან ამზადებენ. მართალია ყველა ამ ტრადიციას აჭარის მოსახლეობა დიდი სიფრთხილით ეპყრობა, ცოდნის გაზიარების შესაძლებლობას ყველა დიდი ენთუზიაზმითა და ინტერესით ხვდება. როგორც გულუხვ მასპინძელს სჩვევია, გურმანებს და მათ, ვინც ახალი ადგილის გაცნობას სამზარეულოთი იწყებს, რეგიონი ფართო არჩევანს სთავაზობს - ტრადიციულ ქართულ კერძებთან ერთად აქ უამრავ ადგილობრივ კერძს წააწყდებით, რომლებიც თავისი მრავალფეროვნებისა და ნატურალური პროდუქტის დამსახურებით ყველაზე პრეტენზიულ სტუმარსაც კი ვერ დატოვებენ გულგრილს. მართალია, ბათუმის სავიზიტო ბარათად აჭარული ხაჭაპური ითვლება, მაღალმთიანი აჭარა დაგარწმუნებთ თავის მდიდარ გასტრონომიულ ფანტაზიაში და სანაცვლოდ მცირედ მსხვერპლს მოგთხოვთ რამდენიმე ზედმეტი კილოგრამის სახით. თუ ბარგის ჩალაგება ჯერ კიდევ არ დაგიწყიათ, ამ ახალი, საოცარი სამყაროს აღმოსაჩენად კომფორტული ფეხსაცმელი და ფართოდ გახელილი თვალები სრულიად საკმარისია - მაღალმთიანი აჭარა გელით იმედით, რომ ახალი მოგონებებით დატვირთულები სწორედ აქ იპოვით სულიერ სიმშვიდეს, ულევ თავგადასავლებს და სახლს, რომლის კარებიც ყოველთვის ღიაა სტუმრებისათვის.
მარიამ ათაბაგი