ბავშვობაში ყოველდღე მივდიოდი საკათედრო ტაძართან და იქ მოკალათბულ ყვითელ ავტობუსში ვჯდებოდი. მთელი ღრიანცელი იყო,ბოლო საფეხბურთო მატჩის განხილვა, საღეჭი რეზინის გაყოფა გამორთმევა, ახალი კეტების ისტერიული წმენდა საკმაოდ არაესთეტიური მეთოდით. მოკლედ მთელი კორიანტელი იყო ამბებისა, რომლებიც მხოლოდ ბავშვობაში ხდება. აი მაშინ არაფერი რომ არ გადარდებს და მთავარი საზრუნავი დღის ნაყოფიერად ჩატარებაა. ასევე ყოველდღე ამ ავტობუსით მივყვებოდით ჩაქვის გზას, „მანდარინების იმპერიას“. საბოლოო დანიშნულების ადგილი იყო რეკრეაციული კომპლექსი „ოაზისი“. ყველაფერი ეს ხდებოდა იმიტომ, რომ მე ძალიან მინდოდა კარგი წყალბურთელი გამოვსულიყავი და მზად ვიყავი ყოველ დღე ოცი კილომეტრი „ჩამეგრიხინა“ ვარჯიშზე მისასვლელად.
სპორტზე ვწერ, შემეძლო უამრავი საინტერესო თემატიკის არჩევა, ოდიოზურ და ლეგენდარულ სპორტსმენებს რა დალევს, მაგრამ რამდენიმე წლიანმა გატაცებამ საწყლოსნო სპორტით დამანახა ყველაფერი, რაც შეიძლება სპორტზე იცოდე და იგრძნო. გუნდში ძალიან საინტერესო ატმოსფერო სუფევდა. დარწმუნებლი ვარ პაზოლინი ან ბერგმანი რაიმე კარგ ჩანახატს გადაიღებდნენ ოაზისი ცივ აუზზე, რომელიც მხოლოდ მაშინ თბებოდა, როცა ფედერაცია ფულს გამოყოფდა.
წარმოიდგინეთ, ოცდახუთ მეტრიან აუზში, ათობით ბავშვის უსწორმასწორო მოძრაობა, რომელთაგან ნახევარზე მეტმა ცურვა სწორად არც იცოდა, მხოლოდ ხელ-ფეხის ქნევით შემოიფარგლებოდა, მაგრამ როდესაც მათ მშობლებს მეზობელი თემური ჰკითხავდა შვილის კლასგარეშე საქმიანობაზე, ისინი სიამაყით პასუხობდნენ: აჭარის წყალბურთის ნაკრებში თამაშობსო.
ყველაზე საინტერესონი ამ ამბავში იყვნენ მწვრთნელები. თუ კი თქვენ შეგხვდებათ ქართველი ძველი წყალბურთელი აწ უკვე არასპოტულ ტანზე მდგარი, მაგრამ დიდი გამოცდილებით, ის უეჭველად ქუთაისელია. ასეთები იყვნენ ჩემი მწვრთნელებიც, რომელთა გახსენებაც მხოლოდ დადებით ემოციებს მგვრის და სახიდან ღიმილს არ მაშორებს. ზურა, დემური, ლაშა ქუთაისელი კორიფეები იყვნენ, მათთან ერთად „მოღვაწეობდნენ“ ბათუმელი ირაკლი და მეორე ირაკლი, რომელთა ტანდემიც საინტერესო „ინტერკულტურულ ერთობას“ ქმნიდა, ზღვისა და აუზის წყალბურთელები, რომლებიც გააერთიანა ბათუმის ახალგაზრდობის უმრავლესობამ, რომლისთვისაც აუზზე უფასოდ სიარული კარგ იდეად აღიქმებოდა.
მე ცურვა უკვე კარგად ვიცოდი და გარკვეული ფორა მქონდა, სხვებისგან განსხვავებით. როდესაც მრავალთვიანი წვალების შემდეგ აბსოლუტური უმრავლესობა ნორჩი წყალბურთელებისა დაეუფლა ისეთ რთულ ცურვის სახეობას როგორიცაა „ბატერფლაი,“ დაიწყო გაცხრილვა, რომლის შემდეგც მოვხვდი ე.წ. „ასნავნოი სასტავში“. ამან ძალიან გამახარა და არ ვიმჩნევდი, რომ დიდი უპირატესობა მქონდა სხვებთან შედარებით, რადგან ცურვაზე მანამდეც დავდიოდი. დაიწყო უშუალოდ „წყლის პოლოს“ ტექნიკის ათვისება; ბურთის ტარება, „ტიჩოკები“, უკნიდან დარტყმა, „სტოლბის“ ფუნქცია და ა.შ. როგორც შეამჩნიეთ ტერმინთა უმრავლესობა რუსული კალკია, რაც მე სულაც არ მახარებდა, მაგრამ ამისთვის არავის ეცალა, ახალგაზრდა ბათუმელების ენერგიით გამთბარ საცურაო კომპლექსში.
ძირითად შემდაგენლობაში დიდხანს არ მომიწია ყოფნა. ჩამოვრჩი, რაღაცები ვერ ავითვისე და გადავინაცვლე სათადარიგო სკამზე, რაც ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი დიდი ტრავმა და იმედგაცრუება იყო. თუმცა მაინც მიწევდა თბილისში შეჯიბრებებზე სიარული, სადაც პირველად შევიგრძენი „ლაგუნა ვერეს“ მთელი ეშხი და თბილი აუზის ხიბლი. ვჩერდებოდით ე.წ. „პაგრანიჩნიკების“ სასტუმროში, სადაც ხშირად მინახავს ერთი ღამით მოსული წყვილი ჩვენს გვერდით ნომრებში, ეს გვახალისებდა და აქტიური განხილვის საგანიც იყო. მწვრთნელები შეძლებისდაგავარ „ლუქსში“ მოკალათდებოდნენ ხოლმე, არა იმიტომ, რომ კომფორტი უყვრდათ, უბრალოდ ნომერი დიდი იყო და ყველანი ეტეოდნენ, ან რა იყო იქ კომფორტის სფეროდან? მხოლოდ სახელწოდება „ლუქსი.“
შეჯიბრებებზე სიტყვა-სიტყვით რამდენიმე წამით მიშვებდნენ სათამაშოდ. ესეც დიდი ტრავმა იყო, ამხელა გზის გავლა ამ რამდენიმე წამის გულისთვის, რომელიც არასოდეს დამავიწყდება მაგრამ ჯობდა საათის გრძელი ისრის სრულ შემობრუნებამდე მაინც მოეცადათ მწვრთნელებს...
ცოტათი საკუთრივ წყალბურთის ისტორიასაც შევეხოთ, რომელიც ეჭვი მეპარება, ჩემს რომელიმე გუნდელს შეესწავლა ჩემსავით. ინგლისის ქალაქ ბორნმუთის ნიჩბოსანთა გუნდის წევრებმა 1869 წელს, ვარჯიშის დროს, მოიგონეს თამაში, რომელსაც დღევანდელი მსოფლიო წყალბურთის სახელით იცნობს. 1870 წელს ის ლონდონამდე ჩავიდა, სადაც შეიქმნა პირველი მარტივი წესები. 1874 წელს პირველი ოფიციალური მატჩი მოეწყო, 1984 წელს პირველი ჩემპიონატი, ხოლო 1890 წელს საერთაშორისო მასშტაბით პირველად დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ინგლისი და შოტლანდია. მატჩი შოტლანდიის გამარჯვებით 4-0 დასრულდა. 1892-ში შოტლანდიური და ინგლისური წესების გაერთიანებით, ლივერპულში მოხდა შეთანხმება, ახალი დაზუსტებული წესების თაობაზე. გამოიცვალა ფეხბურთის ბურთი რომლითაც მანამდე წყალბურთსაც თამაშობდნენ. როგორც ხედავთ, სათადარიგო სკამზე მჯდომებს ბევრი თავისუფალი დრო გვაქვს...
წყალბურთზე წერისას არ შეიძლება არ ახსენო ის ქართველი, რომელიც ბანალური სიტყვათა წყობით, მაგრამ მაინც „წყალბურთის პელედ“ მონათელს. პეტრე მშვენიერაძე ქართველი ლეგენდა და უბრალოდ ძალიან დიდი ადამიანი იყო, რომელზეც ბევრია დასაწერი და მოსაგონარი. იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი სამწუხაროდ იცავდა საბჭოთა კავშირის ღირსებას, მაგრამ ქართველის „მუნდირი“ არასოდეს დაუვიწყებია. ისტორიულ ფაქტებს რომ არ მივედ-მოვედო, მინდა მოგიყვეთ მელბურნის ოლიმპიადზე მომხდარი ამბავი, რომელსაც სხვა და სხვა ინტერპრეტაცია მიეცა, რომლთაგან მე მხოლოდ ერთი მხიბლავს და მიმაჩნია სწორად. 1956 წელს უნგრეთში ანტისაბჭოთა მუხტმა იფეთქა და საბჭოთა ჯარები შეიჭრნენ ბუდაპეშტში. ოლიმპიადაზე კი მატჩი სწორედ ამ ორ დაპირისპირებულ სახელმწიფოს შორის მიდიოდა. თამაში დროს უნგრეთის ნაკრების კაპიტანმა, დეჟე დიარმატიმ პეტრეს სახეში „ანტისაბჭოთა სილა“ გააწნა. აუზი სისხლმა მოიცვა, ჩვენმა ლეგენდარულმა სპორტსმენმა კი არ უპასუხა და თავი შეიკავა. მატჩი უნგრეთის სპორტული და მორალური გამარჯვებით დასრულდა. მართალია პეტრეს რომ მონდომებოდა მთელს უნგრულ გუნდს მარტო ჩაახრჩობდა აუზში, მაგრამ მაინც შეიკავა თავი. ნეტა რატომ? მე გამოუსწორებელი პატრიოტი ვარ და ძალიან მინდა ეს თავშეკავება ანტისაბჭოთა სოლიდარობის მაგალითი იყოს, რომლის გამოვლენაც არ გამიკვირდებოდა ისეთი პიროვნებისაგან, როგორიც იყო მრავალჯერ ნახსენები პეტრე მშვენიერაძე. დაე ვინ იცის, ეგება ვცდები, მაგრამ ჩემი მოსაზრების ქონას ვერავინ დამიშლის და თუნდ ზედმეტად პათეტიკოსად ჩამთვალოთ, დარწმუნებლი ვარ ბატონი პეტრე არ მიწყენს ჩემს ემოციურ, მაგრამ პატრიოტული მოტივებით გამართლებულ ინტერპრეტაციას...
ჰოდა, ჩემ სპორტულ მოღვაწეობას რაც შეეხება, წყალბურთი რამდენიმე წელიწადში მივატოვე. დიდ ხანს მენატრებოდა ცივი აუზი და მანდარინის სურნელი იქედან გამოსვლის ჟამს, მაგრამ რამდენიმე წამისთვის, რომელიც წუთებად ვერანაირად ვაქციე, თბილისში „ბოდიალი“ მეზარებოდა. შეიძლება შევცდი და უნდა გამგრძელებინა, ვინ იცის, ეგებ უნგრელებთან მეც მომწეოდა თამაში და მათთან ერთად განვიხილავდი ჩემს მოსაზრებას იმ სისხლიან მატჩზე, რომელმაც სავარაუდოდ ორივე მხარე ჩააფიქრა...
გაბრიელ ღვინიანიძე