ქართულმა ანბანმა განვითარების სამი საფეხური განვლო და შესაბამისად შეიქმნა მისი სამი გრაფიკული ნაირსახეობა: ასომთავრული (მრგლოვანი), ნუსხური (ნუსხა-ხუცური) და მხედრული. ნუსხური დამწერლობა ასომთავრულის განვითარების შედეგია, მხედრული დამწერლობა კი ნუსხური ასოების გამარტივების გზითაა მიღებული. ასომთავრული ქართული დამწერლობის უძველესი სახეა. თავად სიტყვა „ასომთავრული“ გვიანდელია და XVI საუკუნიდან გვხვდება. უფრო ადრეულ ძეგლებში იგი „მრგლოვანის“ სახელწოდებითაა ცნობილი – ეს სახელწოდება ასოთა მომრგვალებულ მოხაზულობებზე მიუთითებს. უძველესი ქართული წერილობითი ძეგლები ასომთავრული დამწერლობითაა შესრულებული. ნუსხური დამწერლობის პირველი ნიმუშები IX საუკუნიდან გხვდება. მხედრული კი X საუკუნიდან გამოიყენება. თავად ტერმინი „მხედრული“ გვიანდელია და იგი პირველად XIV საუკუნეში დასტურდება. სიტყვა „მხედრული“ ამ პერიოდის ძეგლებში გამოიყენება „ხუცურის“ საპირისპირო მნიშვნელობით,როგორც საერო დანიშნულების დამწერლობა.
მართალია, ქართული დამწერლობის სამივე ნაირსახეობა სხვადასხვა პერიოდშია ჩამოყალიბებული, მაგრამ ისინი დღემდე გამოიყენება ერთმანეთის გვერდიგვერდ. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დღესაც გამოსცემს წიგნებს ასომთავრული, ნუსხა-ხუცური და მხედრული შრიფტებით, მაშინ როცა მხედრულმა ანბანმა თავიდანვე (XI ს.) შეიძინა და დღემდე შეინარჩუნა საერო დამწერლობის ფუნქცია. 2016 წელს იუნესკომ „ქართული ანბანის სამი სახეობის ცოცხალი კულტურა“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის წარმომადგენლობით სიაში შეიტანა. იუნესკოს ნომინაცია ხაზს უსვამს, რომ ქართული დამწერლობის სისტემური ევოლუციის შედეგად შექმნილი ანბანის სამივე სახეობა (ასომთავრული, ნუსხა- ხუცური და მხედრული) თანამედროვე რეალობაში თანაბრად მოქმედებს და ჰარმონიულად თანაარსებობს. თანამედროვე ქართულ ანბანს 33 ასო აქვს, ძველ ანბანში კი 38 ასო-ნიშანი იყო, რომელთაგან ხუთი (ჱ, ჲ, ჳ, ჴ, ჵ) თანამედროვე მხედრულ დამწერლობასა და სალიტერატურო ენის ძეგლებში აღარ გამოიყენება. აღნიშნული ასო-ნიშნები ქართული მხედრული ანბანიდან XIX საუკუნეში ამოიღეს ილია ჭავჭავაძის თაოსნობით ჩატარებული ენობრივი რეფორმის დროს.
დღეისათვის მსოფლიოში 14 ორიგინალური სახის დამწერლობა არსებობს: ლათინურის საფუძველზე შედგენილი ანბანები, სლავურ-კირილურის საფუძველზე შედგენილი ანბანები, არაბულის საფუძველზე შედგენილი ანბანები, ინდური მარცვლოვანი დამწერლობის საფუძველზე შედგენილი ანბანები, ჩინეთის ლოგოგრაფიული (იდეოგრაფიული) დამწერლობა, იაპონური იდეოგრაფიული დამწერლობა, კორეული ბგერობრივი დამწერლობა, ეთიოპიური მარცვლოვანი დამწერლობა, ბერძნული, ქართული, სომხური, ებრაული, სირიული და მონღოლური ანბანები). ამ ანბანურ სისტემებს შორის ქართული ერთ-ერთი უძველესია და მისი ისტორია სულ მცირე 16 საუკუნეს მაინც ითვლის.
რამაზ ხალვაში