ანტიკური წყაროების მიხედვით, კოლხებს ჯერ კიდევ ლეგენდარული მეფე აიეტისეპოქაში ჰქონდათ კვირბები – გზაჯვარედინებზე დადგმული ქვისა და ხისსანიშნეები, რომელზეც ადგილობრივი დამწერლობით გზის მიმართულებები დაგეოგრაფიული პუნქტების სახელწოდებები ყოფილა ამოკვეთილი. სხვა ცნობებით, კოლხეთში ინახებოდა ტყავზე ნაწერი წიგნი („ოქროს საწმისი“), რომელშიც აღწერილი იყო ოქროს მოპოვების ხერხები. ქართულ ენაზე უძველეს ცნობას ჩვენში დამწერლობის არსებობის შესახებ „ქართლის ცხოვრებაში“ ვხვდებით, სადაც XI საუკუნის მემატიანე – ლეონტი მროველი გვამცნობს, რომ ქართული მწიგნობრობა მეფე ფარნავაზმა შექმნა ძველი წელთაღრიცხვის IV-III საუკუნეებში: „ამან [ფარნავაზმა] განავრცო ენა ქართული... და ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“. თეიმურაზ ბაგრატიონის (1782-1846) ცნობით, ქართველებს ფარნავაზამდეც ჰქონდათ დამწერლობა, რომელიც ქართველ ქურუმებს შეუქმნიათ ებრაულ და ქალდეურ დამწერლობათა საფუძველზე.მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ქართული ანბანის უძველესი სახეობა – ასომთავრული საქართველოს ქრისტიანიზაციის (326-337 წლების) შემდეგ შეიქმნა.
აღსანიშნავია ისიც, რომ საეკლესიო და მისიონერულ მიზნებს დაუკავშირდა, აგრეთვე, ქართული წიგნის ბეჭდვაც. პირველი ქართული წიგნები „ქართული ანბანი ლოცვებითურთ“ და „ქართულ- იტალიური ლექსიკონი“ კათოლიკე მისიონერებმა 1629 წელს დაბეჭდეს რომში.ამგვარად, ქართული დამწერლობის ისტორია მჭიდროდ უკავშირდება ქრისტიანობას – ყველაზე მეტად მწიგნობრულ რელიგიას მსოფლიოში. პირველ რიგში, იმის გამო, რომ ეროვნულმა ენებმა იმთავითვე განსაკუთრებული სტატუსი შეიძინეს აღმოსავლურ- ქრისტიანულ სამყაროში (დასავლეთ ევროპაში ეს პროცესი რეფორმაციის დროს დაიწყო), რამაც დამატებითი იმპულსი მისცა ბერძნული წერითი სისტემისაგან წარმომდგარი კოპტური (ეგვიპტური), გოთური, ძველი სომხური და ძველი სლავური დამწერლობების შექმნას. მათ რიგში დგას ქართული ასომთავრულიც, რაზეც სრულიად ცხადად მიგვანიშნებს რამდენიმე ფაქტი: 1) ასომთავრულში „ჱ“ და „ჵ“ ხმოვნები ბერძნული Η-სა და Ω-ს მიბაძვით არის შეტანილი; 2) „უ“ ხმოვანი, ბერძნული ΟΥ-ს მსგავსად, ორი ნიშნის – „ო“- სა და „ჳ“-ს შეერთებით გადმოიცემა [როგორც ცნობილია, „უ“ გრაფემა წარმოსდგა ნუსხა-ხუცურში ამ ორი ასოს შეერთების და ე. წ. სამკბილიანი უ-ს წარმოქმნის შედეგად]; 3) ქართული ანბანის ასო-რიცხვების მათემატიკური მნიშვნელობა ემთხვევა შესაბამის ბგერით შესატყვისებს ბერძნულ ანბანში (α-ა-1, β-ბ-2, γ-გ-3, δ-დ-4... υ-ჳ-400, φ-ფ-500, χ-ქ-600); 4) ქართულ ანბანს ბერძნული Ω-ს შესატყვისი „ჵ“ ბგერა ასრულებს, მის წინ კი ასოთა რიგში მოთავსებულია ქართულისთვის სპეციფიკური 12 თანხმოვანი: ღ, ყ, შ, ჩ, ც, ძ,წ, ჭ, ხ, ჴ, ჯ, ჰ.
რამაზ ხალვაში